აჭარაში ფერმერებს ჰოლანდიური კარტოფილისა და უკრაინული ნიორის თესლებს სთავაზობენ
ეკონომიკა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ერთწლოვანი კულტურის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს 70%-იანი თანადაფინანსებით, ჰოლანდიურ კარტოფილსა და უკრაინულ ნიორის თესლებს სთავაზობს. ინფორმაციას სააგენტო Ipress ავრცელებს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძის განცხადებით, აჭარაში კარტოფილის მოსავლის 40% გაფუჭდა და პროდუქტის კონკურენტუნარიანობა დაეცა. ამ პრობლემის გამოსწორების მიზნით კი სამინისტრომ ფერმერებს ჰოლანდიური კარტოფილის თესლი შესთავაზა.
"ხულოს მუნიციპალიტეტსა და სოფელ შუახევში ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი, რომელსაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით აწარმოებენ. მიღებული მოსავლის 40 % დაავადებულია. ამის გამო მოსახლეობა იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს. კარტოფილის კიბოსადმი მდგრადობაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შარშან 15 ჯიში გამოიკვლია. 15 ჯიშიდან 4-მა გაიარა გამოცდა, სწორედ ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილია," - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ.
როგორც მინისტრი განმარტავს, მაღალმთიან რეგიონში კარტოფილის ალტერნატივა ნიორია. ამიტომ სამინისტრომ ფერმერებს უკრაინული ჯიშის ნიორიც შესთავაზა, რომლის მოსავლიანობა ჰექტარზე 10 ტონას აღემატება.
"1 კილოგრამი ნიორის ფასი შარშან 11 ლარი იყო. ამიტომ ფერმერებს ურჩევნიათ უფრო მეტად ნიორი, ვიდრე კარტოფილი, თუმცა ორივეს ვთავაზობთ, როგორც ერთმანეთის ალტერნატივას", - განაცხადა მინისტრმა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პროექტის განხორციელება თანადაფინასებით ხორციელდება - 70 %-ს სახელმწიფო აფინანსებს და 30%-ს კი ფერმერი.





