რას იძიებს პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით
ეკონომიკა

ფოტო: IMEDI
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის ათვლა დაიწყო და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გასაწვევად, აქციონერთა კრებას ორი თვე მისცა. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 13 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ხელმოწერის უფლებაც შეუჩერა.
ეროვნული ბანკის წერილობით განცხადებას, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა წერილობითვე უპასუხა და მასთან არსებული შეკითხვები ანაკლიის პორტის პროექტს დაუკავშირა, კვირის ბოლოს კი ამ კონტექსტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
გავლენიანი ბანკირების წინააღმდეგ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარეობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტრანზაქციები 2007-2008 წლებში განხორციელდა. საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს 17 მილიონ დოლარს ეხება.
რატომ და ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება - ამასთან დაკავშირებით, მთავარ საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა ორმა კომპანიამ „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, ,,თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით 17 მილიონ დოლარამდე სესხი მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, სესხად აღებული თანხის კომპანიების ანგარიშებზე განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, 17 მილიონი დოლარი ისესხეს.
იზარალა თუ არა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის ამ გადაწყვეტილებით "თიბისი ბანკმა" - ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნები დაარღვიეს. პროკურატურა კი ამბობს, რომ ეს თანხა ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოჰკითხეს.
რატომ დაიწყო გამოძიება 11-წლიანი დაგვიანებით? ამ კითხვაზე პროკურატურაში "იმედის კვირას" ეუბნებიან, რომ სავარაუდო დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კანონდარღვევის კატეგორიას განეკუთვნება და ხანდაზმულობის ვადა მასზე არ მოქმედებს.
2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკური განცხადებები მალევე მოჰყვა და შეფასებებიც პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად დალაგდა - ნაციონალურმა მოძრაობამ პროცესი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირად ინტერესებს დაუკავშირა.
თუმცა სამი თვის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძეს საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ძარცვასა და მევახშეობაში ადანაშაულებდა. ექსპრეზიდენტი მას ლონდონის ბირჟის წარმომადგენლობაში ფინანსური სანქციების გატარების მოთხოვნითაც დაემუქრა.
კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ძალისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი სამართლებრივ პროცესზე საუბრობს და "თიბისი ბანკის" როგორც ძლიერი საფინანსო ინსტიტუტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი. ფრანსუა პეშო აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოში შვედეთის ელჩიც.
"მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ღონისძიების არგატარება, მაშინ როდესაც არსებობს ამის იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის, მიმართ სანდოობას და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას. დაბოლოს, აღვნიშნავ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვა არ არსებობს", - განაცხადა ფრანსუა პეშომ.
"ვიცი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს თავის ამოცანას როგორც საბანკო სისტემის საზედამხედველო ორგანო. ასე რომ, ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს, თუმცა არ გვაქვს პოზიცია ამ საკითხზე, რადგან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას", - განაცხადა შვედეთის ელჩმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, 14 თებერვალს "თიბისი ბანკის" ჯგუფმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 24 საათში 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა. თუმცა როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტია და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სტაბილურ მუშაობას ხელს ვერ შეუშლის.
პროცესი რომ „თიბისი ბანკის“ მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ამის შესახებ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი და ბიზნესომბუდსმენიც საუბრობენ.
„თიბისი ბანკმა“ საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს. 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ „თიბისი ბანკს“ რამდენიმე მსხვილი აქციონერი ჰყავს. მათგან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯამურად დაახლოებით 20%-იანი წილი აქვთ (მამუკა ხაზარაძე - 13.52%; ბადრი ჯაფარიძე - 6.76%; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 8.17%; JPMorgan Asset Management - 8.39%; Schroder Investment Management - 7.07%; Dunross & Co. - 5.50%.
"თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სისტემური ბანკია 27-წლიანი გამოცდილებით. „თიბისი ბანკი“ ქართულ ბაზარზე 1992 წლიდან ოპერირებს და 2017 წლის ბოლოსთვის მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 მილიარდი ლარი შეადგინა, აქტივების მთლიანი ოდენობა კი 12 მილიარდ ლარს აღემატება. დღეისათვის, „თიბისი ბანკს“ ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი და 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.





