ანდრეი ჯუფალაკიანი
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 43%-ით გაიზარდა
ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 43.62%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 86.96%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 3 თვის განმავლობაში, აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილია 621 828 მგზავრი.
აქედან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 528 145 მგზავრს მოემსახურა (ზრდა 41.29%). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 68 369 მგზავრმა ისარგებლა, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით მეტია. 3 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილია 23 696 მგზავრი, რაც 14.19%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 424 მგზავრს მოემსახურა, რაც 739 მგზავრით, შესაბამისად 107.88%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 3 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე მათი რაოდენობა 194 ადამიანს შეადგენდა.





