სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შემოსავალი გაიზარდა
ეკონომიკა

ფოტო: არქივი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 136 მილიონ 507 ათას 502 ლარი შევიდა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ მაჩვენებელში სათამაშო აპარატებიდან, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან, კლუბის მაგიდიდან და ასევე, სამორინეს მაგიდიდან მიღებული შემოსავლები ერთიანდება, - წერს bm.ge, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე დაყრდნობით.
სახელმწიფო ბიუჯეტს, შესრულების ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი შემოსავალი სათამაშო აპარატების მოსაკრებელმა მოუტანა - 75 მილიონ 32 ათას 91 ლარი.
შემოსავლების კუთხით მეორე ადგილზე სამორინეს მაგიდიდან მოსაკრებელია - 41 მილიონ 312 ათას 326 ლარით.
ცნობისთვის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შემოსავლები ბოლო 3 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 73 მილიონ 341 ათას 290 ლარი იყო, 2017 წელს კი - 119 მილიონ 585 ათას 409 ლარი.





