imedi
წალკაში ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნა
ეკონომიკა

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, რომელიც ავსტრიამ დააფინანსა, წალკაში ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა აგრო და ეკოტურისტების მისაღებად გადამზადდა. ინფორმაციას "ბიზნესკონტრაქტი" ავრცელებს.
ავსტრიის განვითარების კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, FAO-ს გუნდმა დაამთავრა წალკის ტურიზმის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე (2016-2021) მუშაობა. პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტურისტული მომსახურების პოტენციურ მომწოდებლებს ტრენინგები ჩაუტარდათ.
განისაზღვრა სამი ტურისტული მარშრუტი - ერთი საფეხმავლო, ერთი ველოტურისთვის და ერთიც საავტომობილო ტურისთვის.
ტურები ისე შემუშავდა, რომ მათ მაქსიმალურად მოიცვეს ყველა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი თუ ბუნებრივი სანახაობა წალკის მუნიციპალიტეტში - დაშბაშის კანიონი, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი, მათ შორის ეკლესიები, რომელთა შორის უძველესი, მე-11 საუკუნით თარიღდება, საოჯახო ტიპის სასტუმროები და ფერმები, რომლებიც ტურისტებს თავიანთ ნაწარმს შესთავაზებენ.





