შესაძლოა ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
ეკონომიკა

ვარკეთილის ხიდები
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, დადგება იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც აეროპორტის გზაზე მდებარე, ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში, დეპუტატ ბექა დავითულიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დავითულიანის თქმით, აეროპორტის გზაზე რამდენიმე თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია. უახლოეს დღეებში ამის შესახებ მსჯელობა გვექნება და აუცილებლად დავაყენებთ ამ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ კომპანიის დამოკიდებულება, პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობის მიმართ. 30-მეტრიან მონაკვეთზე უკვე შვიდი თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შენიშვნას ვიღებთ, რასაც პირადად ჩემი და მერიის სამსახურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მომდევნო წლებში მეტი ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ მსგავსმა კომპანიებმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა არ მიიღონ.
თბილისის მერმა დედაქალაქის საკრებულოში 2018 წლის საქმიანობის შედეგები წარადგინა. დღესვე საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს უნდა ეყაროს კენჭი, თუმცა სხდომა მანამდე ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.





