ირმა ებრალიძე
სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება იწყება
ეკონომიკა

სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ განახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს, აუცილებელია, მოიპოვოს კვალიფიციური სანერგის სტატუსი, რომელსაც კომისია გასცემს.
„რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ”, რომელიც მისაღებად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - აცხადებენ სამინისტროში.





