„ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის გამო სანქციების დაწესებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მხარი დაუჭირეს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- თან დაკავშირებით სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობა ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხში უკან გადადგმული ნაბიჯია.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის ფარგლებში რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი ევროპის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება არ არის. მთავარი მიზანი ევროპულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაფუჭება და ბუნებრივი აირის უკრაინული სისტემის დასუსტებაა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ინიცირებული პროექტი გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ენერგორესურსებზე. ამასთან, აშშ მხარს უჭერს „სამხრეთის გაზის დერეფანს,“ რომლითაც ევროპამ აზერბაიჯანული გაზი უნდა მიიღოს საქართველოს და თურქეთის გავლით.





