ანდრეი ჯუფალაკიანი
ბილაინი: ბაზარზე დუოპოლიურ გარემოს ხელოვნურად ქმნიან
ეკონომიკა

"სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციულ მომსახურების ბაზარზე კვლავ დუოპოლიური გარემოა", - ნათქვამია "ბილაინის" განცხადებაში.
კომპანიის უკმაყოფილებას შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი იწვევს.
„2017 წლის 26-30 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ კომპანია ,,ბილაინმა“ შეიტანა, რომელიც ტენდერით მოთხოვნილ ყველა პირობას აკმაყოფილებდა და სატენდერო წესების მიხედვით გამარჯვებულადაც უნდა დასახელებულიყო. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ბილაინის დისკვალიფიცირება მოხდა და ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა."- წერია განცხადებაში.
კომპანია "ბილაინმა” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოქმი, სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში დისკვალიფიკაციის შესახებ, საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. კომპანიის ცნობით, სანამ ამ საკითხს სასამართლო განიხილავს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2017 წლის, 17 მარტს სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით ტენდერი მეორედ გამოაცხადა, სადაც სატენდერო პირობები იმ სახით შეცვალა, რომ ბილაინს ვერ დაეკმაყოფილებინა. "კერძოდ, ტენდერის მიხედვით, მოთხოვნილია 3G ქსელის ქვეყნის ტერიტორიის 55 % დაფარვა, მაშინა როცა ბილაინს ტერიტორიის 50 % მდე აქვს დაფარული, ხოლო სამ თვეში ორჯერ უფრო მეტ არეალს დაფარავს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
„ბილაინის“ ინფორმაციით, ახალი ტენდერის პირობებში შესყიდვის ფასი გაზრდილია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად იყვნენ, უფრო დაბალი ფასი შეეთავაზებინათ, რითაც სახელმწიფო შეძლებდა დაეზოგა საბიუჯეტო თანხები.
„ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციულ მომსახურების ბაზარზე ხელოვნურად ხდება დუოპოლიური გარემოს ხელშეწყობა. კომპანია ბილაინის პოზიციაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციულ მომსახურების ბაზარზე უნდა იყოს ღია გარემო და სახელმწიფო უწყებებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რომელი ოპერატორისგან სურთ მომსახურების მიღება. რაც უფრო მეტად იქნება ეს სივრცე გახსნილი, მით მეტად მოიგებს ყველა - მომხმარებელიც, ანუ, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ხალხიც, უშუალოდ სახელმწიფოც და სამივე ოპერატორიც“, - აცხადებენ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში.





