ირმა ებრალიძე
ენერგოეფექტური ავტობუსი, შესაძლოა, ბათუმში გამოჩნდეს
ეკონომიკა

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის ელჩთან და EBRD-ის დირექტორთან ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი განიხილა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა "E5P"-ის (Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო ენერგოეფექტურ პროექტებზე. მათ შორის, თბილისისთვის განხორციელებულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, 143 თანამედროვე სტანდარტის ენერგოეფექტური ავტობუსი შეიძინეს.
"აღნიშნული პროექტი სრულად დაგვეხმარება უკეთესი ტრანსპორტის სქემის შექმნაში. ამასთან, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, მეტად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვიდრე კერძო ტრანსპორტით, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ქალაქში, ასევე, დანაზოგებზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა დადებითად შეაფასეს საქართველოსთან თანამშრომლობა ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში.
"ვფიქრობ, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენს დღის წერიგში დარჩება", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების საკითხზე. კერძოდ, საუბარი წარიმართა ბათუმში ელექტროავტობუსების შეძენის შესაძლებლობასა და ევროკავშირის საგრანტო კომპონენტის თანამონაწილეობაზე.





