კვირიკაშვილი: საქართველო ღიაა ბიზნესისთვის
ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმზე
საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო იტალიაში ვიზიტით მყოფმა პრემიერმინისტრმა დღეს იტალიელ ბიზნესმენებს გააცნო. გიორგი კვირიკაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იტალია-საქართველოს ერთობლივი ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრო. ფორუმში 250-ზე მეტი წამყვანი იტალიური და ქართული ბიზნესკომპანია მონაწილეობს.
პრემიერის თქმით, საქართველო ღიაა ბიზნესისთვის. " საქართველო არის კარიბჭე სხვადასხვა ბაზრისკენ მიმავალ გზაზე.საქართველო მალე გახდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხება ჩინეთთან. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ანალოგიური შეთანხმება დსთ-ის ქვეყნებსა და თურქეთთან. საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო უმჯობესდება," - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტზე, რომელიც, მისი თქმით, არის ერთადერთი პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და უზრუნველყოფს მარშრუტს ჩინეთიდან ევროპისკენ.
იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები - ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს იტალიური ექსპორტის საკრედიტო სააგენტო „SACE"-სა და საქართველოს "საპარტნიორო ფონდს" შორის. ასევე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და იტალიის სავაჭრო პალატას შორის.
საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით იტალიას დღეს ეწვია.





