საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკა

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეთანხმებას ხელი მოეწერა Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიალზე.
შეთანხმება პირველია რეგიონში, რომელიც ჰონგ კონგმა გააფორმა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ (Edward YAU TANG-WAH) მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.
წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შესაბამისად მისი ამოქმედებით ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული პროდუქცია დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე განათავსონ 7-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე.





