ირმა ებრალიძე
მევენახეობის პროგრამაზე თელავში შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დეტალებს ადგილობრივებს რეგიონებში აცნობენ. ამჯერად შეხვედრა თელავში გაიმართა, სადაც ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გააცნო.
პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა კი უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა.
როგორც გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არა მხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 20 მეპაიეზე ნაკლები არ უნდა იყოს და მათ საკუთრებაში უნდა ჰქონდეთ 20 ჰექტარი ან მეტი ვენახი.
სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ონლაინ რეჟიმში, 21 მარტამდე სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის www.acda.gov.ge საშუალებით შეუძლიათ.





