ანდრეი ჯუფალაკიანი
სომხეთის რკინიგზა: ფოთის გავლით საბორნე მარშრუტზე ფასდაკლება ამოქმედდა
ეკონომიკა

კავკაზ-ფოთის საბორნე მარშრუტზე ფასდაკლება ამოქმედდა და ახალი ტარიფით გადაზიდული პირველი ტვირთი უკვე ერევანშია, - იუწყება „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზა“ (სომხეთის რკინიგზა).
კომპანიის ინფორმაციით, თებერვალში მიღწეული შეთანხმებით, თითო ვაგონის გადატვირთვაზე ფასდაკლება საშუალოდ 2 ათას დოლარს შეადგენს. სწორედ ამ მარშრუტს სომხური მხარე ლარსის გზის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავს.
„ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით კოლეგებთან სარკინიგზო კომპანიებიდან რუსეთსა და საქართველოში. ამ დღეებში შევთანხმდით საქართველოს რკინიგზასთან ტარიფების საშუალოდ 30%-ით, 500 დოლარით შემცირებაზე“, - აცხადებს სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის წარმომადგენელი დიმიტრი გვოზდევი.
სომხეთის პრემიერმინისტრმა კარენ კარაპეტიანმა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, აცხადებდა, რომ ქართველ კოლეგას ზემო ლარსის ალტერნატივის საკითხზე მოელაპარაკა. ამის შემდეგ ოპოზიციამ ივარაუდა, რომ საუბარი იყო აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნაზე. თუმცა, მსგავსი საკითხის განხილვა მთავრობის წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს.





