აშშ-მ ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock
აშშ ევროკავშირის ქვეყნებს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფებს დაუწესებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ვილბურ როსის თქმით, ხვალიდან, 1 ივნისიდან, ამ ქვეყნებს ფოლადზე 25%-იანი, ალუმინზე კი 10%-იანი ტარიფი დაუწესდებათ.
მიმდინარე წლის მარტში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში იმპორტირებულ ლითონზე 25 და ალუმინზე 10 პროცენტის ოდენობის ტარიფები წესდება.
ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, ეგრეთწოდებულ „ნაფტას“ თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების პერიოდში, გამონაკლისის სახით, ახალი ტარიფებისგან უნდა გათავისუფლებულიყო მხოლოდ კანადა და მექსიკა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დანარჩენ ქვეყნებსაც შეუძლიათ მიმართონ ვაშინგტონს, გამონაკლისთა სიაში მოხვედრის უფლების მოსაპოვებლად.
ევროკავშირი არ ეთანხმება ტრამპის არგუმენტს, რომ ტარიფების დაწესება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე საბაჟო გადასახადზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროკავშირის ქვეყნები ამერიკულ საქონელზე თავიანთ საშინელ ბარიერებსა და ტარიფებს გააუქმებენ.




