ანა ბერუკაშვილი
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მაისში 14 ტენდერი გამოცხადდება
ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრი კომპანიებს მაისის თვეში გამოსაცხადებელ ტენდერებს და სატენდერო პირობებს აცნობს.
მინისტრის თქმით, ის კონტრაქტორებს და მეგზევეებს ხვდება, რომ მაისში გამოსაცხადებელი ტენდერების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რომლებიც, ჯამში, 80 მილიონ ლარამდეა.
„ჩვენ გავაცნობთ რა ტენდერზეა საუბარი და ეს მისცემს მათ საშუალებას წინასწარ დაგეგმონ საქმიანობა, იცოდნენ რა ტენდერებს უნდა ელოდონ, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ეს გამჭვირვალება გვაძლევს საშუალებას, რომ ყველასთვის თანაბარი წვდომა იყოს ინფორმაციაზე. ამის გარდა, დღეს ჩვენ წარვადგენთ ამ ტენდერების სტანდარტულ პირობებს, რომელიც შევიმუშავეთ და რომელიც ასევე არის სტანდარტული ყველასთვის, ეს გამორიცხავს შესაძლო სუბიექტურ დამოკიდებულებას და რომელიმე ჩინოვნიკის მიერ ტენდერის შესაძლო მორგებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, რა კონკრეტულ პროექტებზეა საუბარი, მისი თქმით, ეს არის საგზაო პროექტები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და საუბარი არ არის დიდ პროექტებზე, რომელთაც საერთაშორისო დონორები აფინანსებენ.




