ანა ბერუკაშვილი
მწვანე ალტერნატივა: მესტიაჭალა ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დაკოპირებულია
ეკონომიკა
მესტია
ფოტო: Facebook
„მწვანე ალტერნატივაში" აცხადებენ რომ "მესტიაჭალა ჰესის" გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დაკოპირებულია და რეალურად არ ასახავს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ჰესის აშენებას მოჰყვეს.
"ეს დოკუმენტი წარმოადგენს ფაქტობრივად დაკოპირებულ ვერსიას სხვა ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებიდან, რომელიც არ მოიცავს რეალურად საფრთხეების შეფასებას, ის არ მოიცავს არც ეკონომიკურ დასაბუთებას, მასში მრავლად არის დაკოპირებული თავები, პარაგრაფები და მთლიანი ქვეთავები", - აცხადებს დავით ჭიპაშვილი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰესის აშენება ღვარცოფულ პროცესებს გაააქტიურებს. ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საფრთხეები არ არსებობს და ეს იქნება მცირე, ე.წ. მწვანე ჰესი. კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.
„მესტიაჭალა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა საჯარო ბიბლიოთეკაში „სასვანეთო ლალხორის“ და „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს.
შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ექსპერტები, ინვესტორი კომპანიის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.
მესტიაში "მესტიაჭალაჰესის" მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად 31 მარტს, სეტის მოედანზე გზის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. მოგვიანებით ჰესამდე მისასვლელი გზა გახსნეს.
მესტიაჭალაჰესის მოწინააღმდეგეებსა და მშენებელ კომპანიას შორის შეხვედრა 20 მარტს შედგა, თუმცა მხარეებმა მაშინ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
"მესტიაჭალა1" და "მესტიაჭალა2"- ის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებულია. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.





