პაპუნა შუშანია
მესტიაჭალა ჰესის მოწინააღმდეგეებსა და მშენებელ კომპანიას შორის შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს
ეკონომიკა

შეხვედრა
ფოტო: პაპუნა შუშანია
მესტიაჭალა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და Georgian Global Utilities გენერალურ დირექტორთან, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
სამმა ადგილობრივმა მცხოვრებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ მესტიაჭალაჰესის იმ პროექტით აშენებას, რომელიც ამჟამად ხორციელდება. ამასთან ამბობენ, რომ არ ენდობიან სამშენებლო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას.
როგორც ადგილობრივებმა თქვეს, რამდენიმე დღეში მოსახლეობა თვითონ მოიწვევს ექსპერტებს.
შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა ქალმა ნათია ქურდიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰესების აშენების წინააღმდეგ გამოსვლის გამო სამი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ჯერჯერობით ამ ფაქტზე მესტიის მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რაც შეეხება სამშენებლო კომპანიას, Georgian Global Utilities აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მესტიაჭალა ჰესი კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე შენდება და სრულიად უსაფრთხოა.
ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე დღეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მათ პრეზიდენტსა და პრემიერსაც მიმართეს. ისინი ასევე მოითხოვენ ხუდონჰესის, ნენსკრაჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას.





