ტრამპმა ლითონის იმპორტზე ტარიფის დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა
ეკონომიკა

დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონადლ ტრამპმა, სადავო გადაწყვეტილებას, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, საბაჟო გადასახადის დაწესების თაობაზე ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ძალაში 15 დღეში შევა. ამის შესახებ BBC წერს.
თეთრი სახლის თქმით, ამერიკის სავაჭრო პარტნიორების ნაწილისთვის გამონაკლისს დაუშვებს. მექსიკას და კანადას 30 დღიანი ვადა მიეცემათ, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ "უსამართლო ვაჭრობას" მსხვერპლია და ეს ნაბიჯი აშშ-ის ინდუსტრიის ზრდას გამოიწვევს.
"ჩვენ უნდა დავიცვათ და ავაშენოთ ჩვენი ლითონის და ალუმინის ინდუსტრია და ვაჩვენოთ მოქნილობა და თანამშრომლობა მათ მიმართ, ვინც რეალური მეგობარია ჩვენ სამართლიანად გვეპყრობა, როდესაც საქმე ვაჭრობასა და შეიარაღებას შეეხება,"- დაწერა ტრამპმა.
ოფიციალური ვაშინგტონის თქმით, ამ გზით შტატებში იაფი ფოლადის შედინება შეწყდება, რაც ფოლადის ადგილობრივ მწარმოებლებს შეუწყობს ხელს. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო პროექტებისთვის ადგილობრივი წარმოების ფოლადი უნდა იყიდონ.
მანამდე წარმომადგენელთა პალატის წევრთა ნაწილმა პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ისინი მისგან ნეგატიური შედეგების მინიმალიზებას ითხოვდნენ, ტარიფების დაწესების შემთხვევაში.
ტრამპის ამ გადაწყვეტილებას რიგი ქვეყნების უკმაყოფილება მოჰყვა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების. ამ "სავაჭრო ომში," ტრამპის საპასუხოდ ევროპა გეგმავს, რომ მომდევნო კვირაში იმ პროდუქციის სია გამოაქვეყნოს, რომელთაც საბაჟო გადასახადს დაუწესებს.
ცნობილია, რომ ამ ნუსხაში არა მარტო ფოლადი, არამედ სამომხმარებლო საქონელი - მათ შორის ვისკი, ჯინსები და მოტოციკლები შევა.
დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, 25 % და 10 %-იანი საბაჟო გადასახადის დაწესება გასულ კვირას დაანონსა.




