მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით
ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„საქართველოს სჯერა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს.
„მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ქვეყნებს გაუზიაროთ, ასევე ვისწავლოთ მათ მიღწევებზე. მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა მთავარი ეროვნული პრიორიტეტებია. ჩვენი სტრატეგია შიდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე, ადგილობრივი გენერაციის გაფართოებაზე, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ქვეყნის განახლებადი ენერგიის პოტენციალზეც ისაუბრა და ამ კუთხით ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ამ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წელს დასრულდა ხუთი ელექტროსადგურის მშენებლობა, მათ შორის ორი მსხვილი ქარის ელექტროსადგურისა და სამი ჰიდროელექტროსადგურის. წლის ბოლომდე ველით, რომ ახლად დადგმული განახლებადი ენერგიის ჯამური სიმძლავრე 300 მგვტ-ს გადააჭარბებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





