კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი: გაძვირება აქამდეც უნდა მომხდარიყო. თუ გვინდა, რომ ეს იყოს ავტონომიური ორგანიზაცია და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, ფასი უნდა აწიოს
ეკონომიკა

გურო ალაფიშვილი
ფოტო: facebook
„იქიდან გამომდინარე, რომ კურორტების ეკიპირება, ანუ რითაც არის აღჭურვილი მთის კურორტი - ეს არის საბაგირო, სატკეპნი მანქანები, გათოვლიანება, ღამის სრიალი - აბსოლუტურად ლოგიკური იყო ამის გაძვირება. გაძვირება აქამდეც უნდა მომხდარიყო“, - აცხადებს კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი.
მისი თქმით, იმისათვის, რომ „მთის ტრასების სააგენტომ“ კურორტები განავითაროს, აბონემენტის ფასები უნდა გაეზარდა.
„თუ გვინდა, რომ კურორტი განვითარდეს და იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ბიუჯეტისგან, თავისთავად, კურორტს შემოსავალი აქვს ბილეთებისგან. სეზონური იქნება, დღიური თუ კვირის ბილეთი, აქედან აქვს მთის ტრასების სააგენტოს შემოსავალი და ყველა ვარიანტში, თუ გვინდა, რომ ეს იყოს ავტონომიური ორგანიზაცია და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, [ფასი] უნდა აწიოს, ამას ვერ გაექცევა ვერავინ“, - აცხადებს კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი.





