საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი სასკოლო სტარტაპ კონკურსი დაიწყო
ეკონომიკა

ფოტო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სტარტაპ კონკურსი Tech sPark დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლიდან ზემოთ, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს.
სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის მონაწილე თითოეული გუნდი ერთი მასწავლებლისა და 3-5 მოსწავლისგან შედგება. მასწავლებლად, სასურველია, STEAM საგნების პედაგოგი იყოს შერჩეული. გამარჯვებულ სკოლას „წლის ყველაზე ინოვაციური და ტექნოლოგიური სკოლის“ სტატუსი მიენიჭება და 5 000 ლარის ოდენობის პრიზი გადაეცემა.
კონკურსის პირველი ეტაპი ყველა სკოლისთვის ღიაა - მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. რეგისტრირებული გუნდები ოთხდღიან ონლაინ ვებინარში ჩაერთვებიან, სადაც მეწარმეობას, იდეების განვითარებასა და პრეზენტაციის უნარებს შეისწავლიან. ვებინარის დასრულების შემდეგ, გუნდები საკუთარ იდეებს 2-წუთიანი ვიდეოპრეზენტაციის სახით წარადგენენ.
თითოეული მუნიციპალიტეტიდან ერთი გუნდი რეგიონულ ეტაპზე გადავა, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ინოვაციური მეწარმეობის პრაქტიკულ სესიებს, მენტორებთან მუშაობას, ხელოვნური ინტელექტის სემინარებსა და სტარტაპის პროტოტიპის განვითარებას მოიცავს. კონკურსის ეს ეტაპი რეგიონებში გამართული ნახევარფინალური დემო დღეებით დასრულდება, სადაც გუნდები პროექტებს ჟიურის გააცნობენ.
ნახევარფინალების შედეგად, 13 საუკეთესო გუნდი ეროვნულ ფინალში გადავა. ფინალისტები ინდივიდუალურ მენტორულ პროგრამაში ჩაერთვებიან, სადაც ინოვაციური მეწარმეობის, განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებთან ერთად პროტოტიპებს დახვეწენ და ფინალისთვის მოემზადებიან.
„სასკოლო სტარტაპ კონკურს Tech sPark-ის ეროვნული ფინალი, თბილისის ტექნოპარკში გაიმართება.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEAM განათლების პოპულარიზაცია, ასევე კრეატიული აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარება. სასკოლო გუნდები განათლების სფეროში არსებულ რეალურ გამოწვევებზე იმუშავებენ და ტექნოლოგიების გამოყენებით ახალ, პრაქტიკულ გადაწყვეტებს შექმნიან.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე განცხადებით, დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიონ ბმულს: https://apps.mygita.ge/zs/ShBBpC





