ბელარუსში ბიტკოინი დააკანონეს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას "ციფრული ეკონომიკის განვითარების შესახებ", რომელიც ოფიციალურად უშვებს ყველა კრიპტოვალუტას, მაინინგს და მათზე განხორციელებულ ოპერაციებს. ამის შესახებ სააგენტო "ბელტა" წერს.
"ბელარუსი ფაქტობრივად პირველი სახელმწიფო ხდება მსოფლიოში, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიისთვის ფართო გზას ხსნის. ჩვენ გვაქვს ყველა შანსი გავხდეთ რეგიონში ყველაზე კომპეტენტური ქვეყანა ამ სფეროში", - განაცხადა ლუკაშენკომ.
განკარგულება ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 3 თვეში შევა.
დღეს ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ კრიპტოვალუტის ღირებულება 29%-ით შემცირდა - ბიტკოინის ფასი 14 000 დოლარამდე დაეცა.'
ბიტკოინის კურსმა ზრდა 2017 წლის მეორე ნახევარიდან დაიწყო. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.





