თამარ იოსელიანი თბილისი-პეკინს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე: ეს არის ხელშესახები შედეგი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდგომ - გამყარდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები და საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა მოხდება
ეკონომიკა

თამარ იოსელიანი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China-ს მიერ თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს არის მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტის შემდგომ. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ზოგადად იქიდან გამომდინარე, რომ გამყარდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები და საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა მოხდება.
რაც შეეხება მარშრუტს - თბილისი-ურუმჩი ცხადია, კომერციულ მარშრუტად რჩება, თუმცა, ემატება პეკინის კომპონენტი - მგზავრები კომფორტულად შეძლებენ თბილისიდან პეკინში და პირიქით მგზავრობას. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ეს უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია გვეუბნება, ურუმჩიში გაკეთდება ერთი გაჩერება და შემდეგ მგზავრები პირდაპირ პეკინში ჩავლენ, მათ არ მოუწევთ არც ბორტის დატოვება და არც სხვა პროცედურების გავლა”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან პეკინთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მოსალოდნელ ეკონომიკურ ეფექტზეც ისაუბრა.
„ის მზარდი სტატისტიკა და ტენდენცია, რაც გვაქვს ჩინეთთან მიმართებაში, პირველ ცხრა თვეს თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, მგზავრთნაკადის კუთხით 81%-იანი ზრდა გვაქვს. მხოლოდ Air China-მ დაახლოებით 25 ათასი მგზავრი გადაიყვანა. ეს 81%-იანი ზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია. ჩინური ავიაკომპანიები თავად ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით მოლაპარაკებებს იმისათვის, რომ დავამატოთ როგორც სიხშირეები, ისე მიმართულებები და ავიაკომპანიები”, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
პეკინსა და თბილისს შორის ავიაკომპანია Air China-ს მიერ რეგულარული პირდაპირი ფრენები 2 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით - ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.




