ევროკავშირი ბიტკოინთან დაკავშირებით რეგულაციებს დააწესებს
ეკონომიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები და კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ მკაცრი ზომები მიიღონ ბიტკოინთან დაკავშირებით, რათა ევროკავშირმა თავიდან აიცილოს კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება. ამ საკითხზე გაერთიანება 15 დეკემბერს შეთანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს შეთანხმება იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ფინანსური დანაშაულებისა და გადასახადების თავიდან არიდების აღსაკვეთად არის შემუშავებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ.
ევროკავშირის კანონმდებლებმა ასევე მხარი დაუჭირეს წინასწარ გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოების აკრძალვას.
სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ბიტკოინის კურსის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. ახალი კანონის მიხედვით, კრიპტოვალუტით მოვაჭრე ვირტუალური პლატფორმები და ციფრული საფულის პროვაიდერები იძულებულნი ხდებიან მომხმარებლის იდენტიფიცირება მოახდინონ.
კანონის თავიანთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ევროკავშირის ქვეყნებს 18-თვიანი ვადა აქვთ.
ბიტკოინის კურსი 2017 წლის მეორე ნახევარში უსწრაფესი ტემპებით იზრდება. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.





