ქართულმა კომპანიებმა „სელიას“ რძის ფხვნილის გაყიდვა შეაჩერეს
ეკონომიკა

მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი სააფთიაქო ქსელებიდან Lactalis-ის წარმოების ბავშვთა კვების, კერძოდ „სელიას“ (Celia) რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს. ამის შესახებ 1tv წერს.
PSP-ში- ამბობენ, რომ Lactalis-ის პროდუქციაში სალმონელას ჩხირების შესაძლო აღმოჩენაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ქსელში ამ ბრენდის საკვების გაყიდვა შეაჩერეს.
კომპანია "ავერსმაც" უკვე დაიწყო ქსელში შემავალი ყველა აფთიაქის გაფრთხილება, რათა აღნიშნული პროდუქცია საწყობებში გადაიტანონ.
როგორც „ავერსში“ ამბობენ, ისინი ელოდებიან ლაბორატორიისა და მწარმოებლის წერილობით ინფორმაციას, შეიცავს თუ არა მათ მაღაზიებში არსებული „სელიას“(Celia) რძის ფხვნილი სალმონელას. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დააბრუნებენ პროდუქტებს რეალიზაციაში თუ მარაგებს საერთოდ ამოიღებენ.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას“ შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი“, - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, ფრანგული კომპანია Lactalis-ი ბავშვთა კვების პროდუქციის პარტიებს უკან გაიტანს. ფრანგულმა უმსხვილესმა კომპანიამ საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქცია ქსელიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც საფრანგეთში ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა.
საფრანგეთის მთავრობა იმ პროდუქტების სიაც გამოაქვეყნა, რომელთა გაყიდვა და ექსპორტი აიკრძალა, მათ შორის მოხვდა Celia-ს, Milumel-ის და Picot-ის ნაწარმი.





