პრემიერმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის მნიშვნელობაზე ილაპარაკა
ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი
ფოტო: 1tv
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
"დღეს ოფიციალურად ვხსნით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რაც ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითი გახლავთ. თურქეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების დასწრება, ასევე მთავრობის წევრების დასწრება თურქმენეთიდან და ტაჯიკეთიდან, მეტყველებს აღნიშნული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, დამატებით მიმზიდველობას აჩენს ამ პროექტის მიმართ და ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის დადებით მხარეებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ეს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი იყოს.
"ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს დააკავშირებს ერთმანეთთან, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას. ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, ყოველწლიურად, ერთ მილიონ მგზავრს მოემსახურება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
"ჩვენ მივესალმებით იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა მიაღწიეს ბოლო წლების განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანის წინსვლა ყველა დანარჩენის განვითარების, სტაბილურობის და უსაფრთხოების საწინდარია. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის ეკონომიკასა და სავაჭრო პოტენციალს, არამედ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან. მით უფრო, რომ სწრაფად მზარდი ბაზრები და ჭარბი პროდუქცია - მათ შორის ერთობლივად წარმოებულიც - კომუნიკაციისა და ტრანსპორტირების დამატებით არხებს საჭიროებს.
საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებულის მოდერნიზებას და მის ეფექტიან მუშაობას.
რკინიგზის მშენებლობასა და მოდერნიზებასთან ერთად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას", - დასძინა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად იხსნება.





