ირმა ებრალიძე
ზოიძე: დაგროვებითი პენსია მხოლოდ გადადებულ ხელფასზე არ იქნება დამოკიდებული
ეკონომიკა

აკაკი ზოიძე
„დაგროვებითი პენსია მომავალზეა ორიენტირებული, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააკეთა. საპენსიო რეფორმა პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.
მართალია, მთავრობას „საპენსიო რეფორმის“ დოკუმენტი პარლამენტში ჯერ არ გადაუგზავნია და ძირითადი პარამეტრები განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია ის, რომ დოკუმენტი შეეხება როგორც, დაგროვებით პენსიას, ისე პენსიის ზრდის მექანიზმს.
"მნიშვნელოვანია, რომ პენსია მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გადადებულ ხელფასზე არ იქნება დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირობითად ვისაუბრებთ ხელფასიდან 2%-ის გადადებაზე, ამ თანხას დაემატება 2% დამქირავებლის ყულაბიდან და 2% სახელმწიფოს ყულაბიდან. ჯამში, პენსიონერი მიიღებს 2-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე საკუთარი სახელფასო შემოსავლიდან გააკეთებდა დანაზოგს,“- განაცხადა ზოიძემ.
ამ ეტაპზე, საუბარია, რომ დაგროვებით პენსიაზე გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა, თუ კონკრეტული დასაქმებული გადაწყვეტს „ყულაბაში“ გადადოს საპენსიო თანხა, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ანალოგიური პროცენტული რაოდენობა შეიტანონ.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩაერთვებიან დაგროვებითი პენსიის სისტემაში, ამ შემთხვევაში, ისინი სოციალურ პენსიას მიიღებენ, რაც სახელმწიფოსგან იქნება დადგენილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე. საპენსიო რეფორმის დოკუმენტი მთავრობამ პარლამენტს მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.




