მიწის შეძენასთან დაკავშირებით შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება
ეკონომიკა

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება. bpn-ზე დაყრდნობით, ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს 6 დეპუტატის ინიციატივითა და ავტორობით წარედგინა.
კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში წარმოეშობათ. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ასევე გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ივნისში პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებაზე მორატორიუმი პირველი მოსმენით მიიღო. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, ჩერდება კანონის მე-4 მუხლის იმ პუნქტების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებას.
საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით მოითხოვს.





