თბილისში ახალი საბაგირო დერეფნები მოეწყობა
ეკონომიკა

კუს ტბის საბაგირო
თბილისის განვითარების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში ახალი საბაგიროები უნდა აშენდეს, თუმცა გენგეგმის ავტორები პირველ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულად მოკლევადიან პერიოდში სამ საბაგირო დერეფანს ასახელებენ. ესენია: სამგორი - ვაზისუბანი, ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო და ახმეტელის თეატრი - ზღვისუბნის დასახლება. სამივე დერეფანს საერთო კრიტერიუმი გააჩნია - მასიური პოტენციური ტრანზიტი. ინფორმაციას ახალი საბაგირო დერეფნების შესახებ 1tv ავრცელებს.
დოკუმენტში მოცემულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯამში მოიცავს 10 საბაგირო დერეფნის განვითარების პერსპექტივას. სამ პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად დანარჩენი 7 გამოკვლეული დერეფანი გენგეგმის ავტორთა აზრით ხასიათდება ნაკლები სატრანზიტო მიზნობრიობითა ან მეტი სანახაობრივი და ტურისტული პოტენციალით:
სამგორი - ვაზისუბანი; მეტროს სადგური უნივერსიტეტი - სტუდენტური საცხოვრებელი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე); ვაჟა-ფშაველა - ბაგები (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება წყნეთამდე);
ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო, დიდუბე - ვაშლიჯვარი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება ლისის ტბამდე);
სადგურის მოედანი - ლოტკინი (მომავლის პერსპექტივაში გაგრძელება თბილისის ზღვამდე) ახმეტელის თეატრი - ზღვისუბნის დასახლება.
დღეს, საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა დაიწყო. სხდომას დედაქალაქის მერი ესწრება. დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტი მზადაა და ის საზოგადოების ყველა წევრისაგან შენიშვნებს ელოდება.




