ექსპერტები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აფასებენ
ეკონომიკა

ფოტო: Shutterstock.com
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესის პარალელურად- ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო ვალუტის კურსის გათვალისწინებითაც.
ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია. ეროვნული ვალუტის გაუფასურების პირობებში, ბოლო წლებში კომპანიებს მეტის გადახდა უწევთ, თუმცა მიწოდება 2017 წელს დადგენილი ტარიფებით ხორციელდება. ამის გამო ბიზნესის ამ სფეროს პანდემიის პირობებში პრობლემები გაურთულდა, რადგან მათი თქმით, მოხმარება შემცირებულია. ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მცირდება „ენგურჰესის“ მუშაობა და, შესაბამისად, მასზე მოპოვებული ელექტროენერგიის რაოდენობაც.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდას მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს.





