2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მესამე წარდგენით პარლამენტში შევიდა
ეკონომიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მესამე წარდგენით პარლამენტში შევიდა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს მესამე მოსმენით წარედგინა, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა ხუთი პროცენტით შემცირდება.
დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტი 16,7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,6 მილიარდი ლარით არის შემცირებული. გეგმის მიხედვით, 2021 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18,4 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც 2,4 მილიარდი ლარით მეტია მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში 7,6 პროცენტის ფარგლებში განისაზღვრა.
პროექტის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო 5,3 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს. ვალდებულებების ზრდაში ასახულია 1,6 მილიარდი ლარი, 2021 წელს გადასაფარი ევრობონდებისათვის ახალი ევრობონდების გამოშვება. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალების დაფარვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2,8 მილიარდი ლარი.
„2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60,1 პროცენტის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მთლიანი მოცულობის მიმდინარე ღირებულების (მშპ-ის 0.7%) გათვალისწინებით, შეადგენს 60,8 პროცენტს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს)’“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა, 2021 წლის ბოლოსათვის, განისაზღვრება 33,6 მილიარდი ლარის ოდენობით. მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27,7 მილიარდი ლარია, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5,9 მილიარდი ლარი. პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57,6 პროცენტი იქნება.





