სოფიკო ბერიძე
კობა გვენეტაძე: წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7.7%-ით შემცირდა
ეკონომიკა

კობა გვენეტაძე
ფოტო: არქივი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7.7%-ით შემცირდა. თუმცა მისი თქმით, აპრილ-მაისთან შედარებით, სახეზეა ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღების ნიშნები, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ექსპორტი 14%-ით, ხოლო იმპორტი 22%-ით შემცირდა.
„წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7.7%-ით შემცირდა. თუმცა აპრილ-მაისთან შედარებით, სახეზეა ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღების ნიშნები, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. წინასწარი მონაცემებით, ივნისში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 97 პროცენტით შემცირდა. ექსპორტზე მოთხოვნაც სუსტი რჩება და ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, იმპორტიც წლიურად 22 პროცენტით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





