„ოკრიბას“ წარმომადგენელი: საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ახალი ტარიფების კალკულაცია ჯერ არ მომხდარა
ეკონომიკა

ფოტო:არქივი
საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ახალი ტარიფების კალკულაცია ჯერ არ მომხდარა, - ამის შესახებ Imedinews-ს თბილისში, დიდუბეში მდებარე ავტოსადგურ „ოკრიბაში“ განუცხადეს.
„ველოდებით მთავრობის დადგენილებას, თუ რამდენი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი სამარშრუტო ტაქსით და რა შეზღუდვები ამოქმედდება. ახალ ტარიფს ამის მიხედვით დავითვლით. ამ დროისთვის კავშირი გვაქვს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ჩვენ წერილითაც მივმართეთ, სადაც განვაცხადეთ, რომ მოხდება სამარშრუტო ტაქსების დეზინფექცია, მგზავრები და მძღოლი პირბადეს გამოიყენებენ“, - განმარტა „ოკრიბას“ წარმომადგენელმა მარიამ ელბაქიძემ.
მანამდე მძღოლებმა განაცხადეს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება შესაძლოა 2,5-ჯერ გაიზარდოს, რადგან სოციალური დისტანციის დაცვის გამო ნაკლები მგზავრის გადაყვანა მოუწევთ.
კერძო ავტომანქანებით საქალაქთაშორისო გადაადგილება უკვე შესაძლებელია, 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო მოძრაობა სრულად აღდგება.





