ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში საგრანტო კონკურსს აცხადებენ
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა. მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.
ინიციატივა გამიზნულია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის, საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფებისთვის, და ასევე ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებს გარეთ დაფუძნებული სუბიექტები/ობიექტებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რომლებიც ორგანული პროდუქციის შეძენას ახორციელებენ ჩამოთვლილი რეგიონებიდან.
ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.
პროექტში მონაწილეობის მიღება მსურველებს მხოლოდ ონლაინ, ამ ბმულზე განცხადების შევსებით შეუძლიათ. განცხადების მიღების ბოლო ვადა 25 მაისია.
GRETA მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიანი პროექტია, რომლის მიზანიც სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაა. პროექტი საქართველოს სამ რეგიონს მოიცავს: ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს. მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.




