უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა
ეკონომიკა

ფოტო: საქართველოს მთავრობა
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი.ამ ფორმატში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები - სოზარ სუბარი და ბექა ლილუაშვილი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ვიდეოკონფერენციის ფორმატში რეგულარულად შეიკრიბება. სხდომის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაცია საზოგადოებას ინტენსიურად მიეწოდება.





