ნათია თურნავა: მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების სტრატეგიას ბიზნესთან და საფინანასო ინსტიტუტებთან ერთად ამზადებს
ეკონომიკა

ნათია თურნავა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ეკონომიკის სტიმულირების პოსტკრიზისულ გეგმაზე განმარტებები გააკეთა.
„ჩვენ ვმუშაობთ ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში. პირველი ეტაპი არის ის, რასაც ახლა ვახორციელებთ. ეს არის კრიზისის ზემოქმედების შემარბილებელი გეგმა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით ეკონომიკას და ადამიანებს, რომლებიც კარგავენ შემოსავლებს. ხოლო მეორე ეტაპის გეგმა ეს არის უკვე ეკონომიკის სტიმულირების. ეკონომიკის სექტორული დახმარება და გადასახადების სუბსიდირება უკვე მოვახდინეთ“, - განმარტა თურნავამ.
მისი თქმით, მთავრობა მალე შეჯამებას გააკეთებს კორონავირუსით მიყენებული დარტყმის მასშტაბზე. „საუბარია ეკონომიკის სტიმულირების სტრატეგიაზე. რომელიც მზად უნდა გვქონდეს, როცა გადავლახავთ კორონავირუსს, რომ ამოვქოქოთ ეკონომიკა. ეს არის საკრედიტო საგარანტიო სქემა და მუშაობა მიმდინარეობს კერძო სექტორთან და საფინანასო ინსტიტუტებთან ერთად“, - განაცხადა თურნავამ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
შედეგად რიგ ეკონომიკურ სუბიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ. ასევე ცნობილია ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საგანგებო პერიოდის დროს სპეციალურ ნებართვას საჭიროებს.





