მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს
ეკონომიკა

ფოტო: არქივი
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა თავისი ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა.
„2017 წლიდან კონსორციუმის მიერ ხდება მუდმივად ვალდებულებების შეუსრულებლობა და მრავალჯერ გადავადების მიუხედავად კონსორციუმმა დღეისთვის ვერ შეძლო საკუთარი ინვესტიციების მოზიდვა, კერძო ინვესტორის მოზიდვა. ასევე ვერ მოახერხა ინვესტორმა საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მიღება. ასევე ვერ შეასრულა პორტის კომერციულ ოპერატორთან და პორტის მშენებელ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება. არ იქნა კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია და ასევე სამშენებლო გარანტია. აქედან გამომდინარე მთავრობამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ შემდგომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი პროექტის განხორციელებისთვის, ვინაიდან ამ პერიოდის განმავლობაში კონსორციუმმა თავისი ქმედებებით სამწუხაროდ დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. ამდენად, მთავრობამ გადაწყვიტა დაიწყოს პროცედურები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კონსორციუმს დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა თანხაზეა საუბარი, თუმცა განაცხადა, რომ სახელმწიფომ კონსორციუმს 10 მილიონი დოლარის ოდენობის პირგასამტეხლო უკვე აპატია. ცქიტიშვილის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სახელმწიფოსთვის გადაცემული მიწების და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაბრუნებაც მოუწევს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.




