თბილისის აბონენტებისთვის გაზის ტარიფი 2022 წლამდე არ შეიცვლება
ეკონომიკა

ფოტო:shutterstock.com
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ რამდენიმე კომპანიას ტარიფები დაუდგინა. ტარიფები არც ერთი კომპანიის შემთხვევაში არ გაზრდილა. ახალი ტარიფები ძალაში 2020 წლის 1-ელ იანვარს შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
სემეკმა ბუნებრივი გაზის სექტორში გრძელვადიანი სამომხმარებლო ტარიფები პირველად დაადგინა და აღნიშნული ტარიფების გადათვლა მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ იგეგმება.
შპს „თბილისი ენერჯის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან უცვლელია და შეადგენს 46.137 თეთრი/მ3-ს. აღნიშნული ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 46.139 თეთრი/მ3). შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 26.810 თეთრი/მ3-ის ოდენობით, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 10.395 თეთრი/მ3-ს, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი განისაზღვრა 1.895 თეთრი/მ3-ით.
შპს „ვარკეთილაირის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფია 48.678 თეთრი/მ3.. ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 48.690 თეთრი/მ3). ამ კომპანიისთვის რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 28.355 თეთრი/მ3, განაწილების საქმიანობის ტარიფმა -11.002 თეთრი/მ3, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი 1.895 თეთრი/მ3 ით განისაზღვრა.
სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, ტარიფის შენარჩუნებაში დიდი როლი ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შეასრულა, რომელმაც რისკები და ხარჯი თავის თავზე აიღო.
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე, რამე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამან მოგვცა საშუალება, ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, დაგვედგინა უშუალოდ კომპანიებისთვის მოსაწოდებელი გაზის ფასი. რისკები და ხარჯები თვითონ ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თავის თავზე აიღო, რათა ეს რისკები, მათ შორის ვალუტის ცვლილებასთან რისკი დაეკომპენსირებინა,“– განაცხადა დავით ნარმანიამ.





