ანა შეპკინა
გორში 2020 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე განიხილეს
ეკონომიკა

ფოტო: ანა შეპკინა
გორში 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე გაიმართა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიც მივიდა. ხმაური ჯერ საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარესა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის შეკამათებას მოჰყვა ლომჭაბუკის სკვერისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე, შემდეგ კი ფრაქცია„ ძლიერი გორის“ შენიშვნებს სახელფასო ზრდასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც არაა გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება.
ხმაურს საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიტიკური ვნებებისგან დაცლა უწოდა და ოპოზიციას პოლიტიკური კულტურის სწავლისკენ მოუწოდა. მერის განმარტებით კი ბიუჯეტი, რომელიც 42 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმა და ხალხზეა ორიენტირებული.
მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება და სოციალური პროგრამები იქნება. რაც შეეხება სკვერისთვის სახელის გადარქმევას, მას უკვე აქვს გამარჯვების მემორიალის სახელი მინიჭებული და საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი სხვა ქუჩას ან სკვერს მიენიჭება.
2020 წლის ბიუჯეტს საკრებულოს 28 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი ფრაქცია „ძლიერი გორის“ 3 დეპუტატი წავიდა, ხოლო 1-მა მონაწილეობა არ მიიღო.




