თამარ ბუბაშვილი
პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია დაიწყო
ეკონომიკა

გიორგი მარგველაშვილი
ფოტო თამარ ბუბაშვილის
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია ,,მოითხოვე ქართული” დაიწყო. კამპანია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. გიორგი მარგველაშვილი თავდაპირველად ქართულ საწარმო ,,კამპას” ეწვია საგურამოში. მან ადგილობრივი პროდუქცია დააგემოვნა, წარმოების პროცესს გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
,,ძალიან საინტერესო ინიციატივა იყო წარმოდგენილი მთავრობის პროგრამებისა და პროექტების თაობაზე, როგორც ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანების, ისე იმ ახალი ინიციატივების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ეროვნული პროდუქციისა და ეროვნული წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით. სწორედ ახლა მივდივარ რეგიონში იმისთვის, რომ უფრო აქცენტირებული გავხადო ჩვენი ქართველი მომხმარებლისთვის სწორედ ქართული პროდუქცია, აქტიურად დავუჭირო მხარი იმას, რომ ჩვენ მოვითხოვოთ ქართული პროდუქცია, როდესაც შევდივართ საყიდლად და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და ბიზნესი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
დღის განმავლობაში ის შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში რამდენიმე საწარმოს დაათვალიერებს, ქართულ პროდუქციას დააგემოვნებს და მეწარმეების პრობლემებით დაინტერესდება. გიორგი მარგველაშვილი უკვე იმყოფებოდა გორში მდებარე საწარმოებში.




