imedi
მუჰამედ ბინ სალმანი: თუ ირანი არ შევაჩერეთ, ნავთობის ფასი წარმოუდგენელ ნიშნულამდე გაიზრდება
ეკონომიკა

მუჰამედ ბინ სალმანი
ფოტო: Twitter
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი აცხადებს, რომ ნავთობის ფასი „წარმოუდგენელ ნიშნულამდე გაიზრდება“, თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ირანის შეჩერებას არ დაიწყებს. მისივე თქმით, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმის უკან მხოლოდ თეირანი დგას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„თუ მსოფლიო ქმედით ზომებს არ მიიღებს ირანის შესაჩერებლად, ისეთი ესკალაცია მოხდება, რომელიც მსოფლიო ინტერესებს დააზიანებს. ნავთობის მიწოდება შეჩერდება, ფასი კი ისეთ წარმოუდგენელ ნიშნულამდე გაიზრდება, როგორიც არასდროს გვინახავს. ახლო აღმოსავლეთზე მსოფლიოს ენერგომატარებლების 30%, სავაჭრო ოპერაციების 20% და მსოფლიოს მშპ-ის 4% არის კონცენტრირებული. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი შეჩერდა. ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ან ახლო აღმოსავლეთის რეგიონის, არამედ გლობალური ეკონომიკის სრულ ჩამოშლას ნიშნავს“, - განაცხადა მემკვიდრე პრინცმა CBS-თან ინტერვიუში.
14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე განხორციელებულ დრონების თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, თუმცა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ, რასაც თავის მხრივ თეირანი უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის.
აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა.





