ეროვნული ბანკი დღეს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი
ფოტო: არქივი
საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. სებ-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
26 სექტემბერს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9808 ლარი შეადგინა. სხვაობა მოქმედ კურსთან (2,9737) 0,71 თეთრია.
ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს 102 700 მომხმარებელს გაუძვირებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება. კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 2019 წლის 4 სექტემბერსაც გაზარდა. მაშინ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 98 000-ზე მეტ მომხმარებელს გაეზარდა.




