ტაქსების რეფორმის მეორე ნაწილი დღეიდან ამოქმედდება
ეკონომიკა

ფოტო: Shutterstock.com
პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდება, სპეციალური ერთნაირი მანათობლების დარიგებას კი მერია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს:
„რეფორმები რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ უკვე ძალაში შედის. მე მხედველობაში მაქვს ტაქსის რეფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. თქვენ იცით, რომ შემოდის კატეგორიები. A კატეგორიის ტაქსის მძღოლების ტაქსები იქნება თეთრი ფერის. სპეციალური მანათობლები უკვე მზადდება და უახლოეს მომავალში თბილისში იქნება. სპეციალური მანათობლები „ტაქსი თბილისი“ წარწერით, საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. როგორც უკვე გითხარით უნდა იყოს თეთრი ფერის, ოთხ კარიანი ავტომობილი, მარცხენა საჭიანი და ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ უფასო პარკირებით ქალაქის სხვადასხვა უბნებში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაუჩერები დავარიგეთ, როგორც ქიმწმენდის ასევე გადაღებვის, ან თეთრი ფერის გადაკვრის, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და დროთა განმავლობაში ჩვენ გვექნება შემდეგი ეტაპები, რაზეც აუცილებლად მივაწოდებთ ინფორმაციას როგორც ტაქსის მძღოლებს, ისე საზოგადოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის თებერვალში ტაქსების რეფორმა დაანონსა და განაცხადა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. იმავე წლის 27 ივლისს საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი დაამტკიცა. მაშინვე ითქვა, რომ რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყებოდა.





