ირმა ებრალიძე
საქართველოში საშუალო ხელფასი 76 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა - 0.4%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური სფეროები - 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა - 6.0%);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა - 5.6%).
ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 419.8 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა.
თითქმის ყველა სექტორში კაცების ხელფასი ქალების ხელფასს აღემატებოდა.
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1 241.1 ლარი შეადგინა.
ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროებში (2 138.1 ლარი, წლიური ზრდა 3.2%), და ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 804.0 ლარი, წლიური ზრდა 4.5%) დარგში ფიქსირდება.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 50.1 ლარით არის გაზრდილი და 1 073.9 ლარს შეადგენს. შედარებით მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო, სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს აქვთ.





