კახაბერ კუპატაძე
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვს
ეკონომიკა

მევენახეთა აქცია
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ოთხი სოფლის: გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანისა და ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვს.
მევენახეები ამბობენ, რომ 1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 70 თეთრი მიზერულია და მისი ღირებულება ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
„გაძვირდა ცხოვრება. ვენახებს მუშა, საწვავი და შხამ-ქიმიკატი სჭირდება. ისევ 70 თეთრს გვაძლევენ. ექსპორტი გაიზარდა და ვფიქრობდი, რომ წელს უკეთესი ფასი იქნებოდა, მაგრამ სულ ტყუილად. ასე ვერ შევთანხმდებით და ამ რეალობას ვერ შევეგუებით. ჩვენ ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ. ამიტომ ხელისუფლებას ვთხოვთ გვიშუამდგომლოს კერძო კომპანიებთან, რათა ფასი დარეგულირდეს. იმდენი გადაგვიხადონ, რამდენიც საჭიროა, რომ ჩვენი შრომა დაფასდეს. ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს რქაწითელი“, - ამბობს მევენახე თენგიზ დათუნაშვილი.
ფერმერები ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი აქციების გამართვით იმუქრებიან. მევენახეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის „რთველი 2019“-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი. აქციაზე გადაწყდა, რომ საკითხს ახალსოფლის საზოგადოებრივ ცენტრში მოლაპარაკების მაგიდასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში დღესვე განიხილავენ.




