აშშ და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკებებს ოქტომბერში განაახლებენ
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ოქტომბერში განაახლებენ. შესაბამის შეთანხმებას ჩინეთის ვიცეპრემიერმა ლიუ ხემ და აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების წარმომადგენელმა რობერტ ლაითჰაიზერმა მიაღწიეს. ამის შესახე ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს ვაშინგტონში გამართავენ.
24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგრავს. ასეთი გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც 23 აგვისტოს ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა.
აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო. 2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა.
აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.





