ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა
ეკონომიკა

ფოტო: არქივი
ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ლიეტუვას დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა.
მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორი შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95% ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას.
ფრენებს ავიაკომპანია GetJet Airlines-ი ასრულებს და ის სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განხორციელდება. 2020 წლისთვის იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსი-ბათუმის ჩარტერები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში შესრულდება. ის, ტალინი-ბათუმის ჩარტერული ფრენების მსგავსად, ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.



