კობა გვენეტაძე: მცურავი კურსის პირობებში ლარის პროგნოზირება შეუძლებელია
ეკონომიკა

კობა გვენეტაძე
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. სებ-ის პრეზიდენტმა ამ საკითხზე კომენტარი დღეს სასტუმრო „სტამბაში“ საკოლექციო მონეტის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. საბოლოო დასკვნას ბანკი 4 სექტემბერს დადებს, როცა მონეტარული კომიტეტის სხდომა გაიმართება.
„მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ბოლო მოვლენებზე გვქონდა მოლოდინები, თუმცა ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე ვპროგნოზირებდით. ჩვენ 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ვიმსჯელებთ და გამოუშვებთ პრესრელიზს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ინფლაციის დონის კონტროლი:
„იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით რომ ზომებია მისაღები, მივიღებთ ყველა ზომას რომ ინფლაციამ იმოძრაოს მიზნობრივ მაჩვენებელში. ინფლაცია შეიძლება იყოს თარგეთის ფარგლებში ზევით ან ქვევით“, - აცხადებს გვენეტაძე.
კობა გვენეტაძემ ანალოგიური განცხადება 2018 წელსაც გააკეთა. 2019 წლის ივლისში ლარი ისტორიულ მაჩვენებლამდე გაუფასურდა, როდესაც ერთი დოლარის ფასი 3 ლარი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფლაცია 4.6%-ია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 1,5-ჯერ აჭარბებს, თუმცა საქსტატს ინფლაციის შესახებ ბოლო მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ეროვნულმა ბანკმა 6 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედებს და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
სებ-ის ამ განცხადებას წინ უძღოდა ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა კომენტარები, სადაც მათ ეროვნულ ბანკს მოქმედებისკენ მოუწოდეს. კერძოდ, დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რომლებმაც სებ-ს პრინციპული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. ასევე, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ჩარევისკენ მოუწოდა.
ახლახან სოციალურ ქსელში დაიწყო აქტიური კამპანია კობა გვენეტაძის გადადგომის მოთხოვნით. ოპონენტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლას მისი „არასწორი სავალუტო პოლიტიკის“ და „დამანგრეველი საბანკო რეგულაციების“ გამო მოითხოვენ.





