დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ეკონომიკა

საპროტესტო აქცია ბათუმში
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში, ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ტერიტორიის შემოღობვასა და არსებული ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ. ისინი მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და ანტისანიტარიასა და აუტანელ სუნზე საუბრობენ.
„აქედან 5 კილომეტრში ვცხოვრობ. საღამოს სუნი დასახლებამდე აღწევს. ტერიტორიაზე საქონელი შედის და იკვებება, რძე კი ბაზარში იყიდება. პირველ რიგში ვითხოვთ ტერიტორიის შემოღობვას, ამისთვის გონივრულ ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას, რომლის ამოწურვის შემდეგ მოხდება შესასვლელს დავბლოკავთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“. მისი ხელმძღვანელი უნდობლობას უცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომლის მიხედვითაც ახალი ნაგავსაყრელი ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში უნდა აშენდეს.
ბათუმის ნაგავსაყრელი ნახევარი საუკუნეა ფუნქციონირებს. ზღვისპირა ქალაქში დაგროვილ ნაგავს, ზღვასთან ახლოს, მიწის ზედაპირზე ყრიან. ქალაქთან ერთად იზრდება ნაგავსაყრელის ფართობიც. ტერიტორია შემოუღობავი და დაუცველია, სადაც თავისუფლად შედის და იკვებება პირუტყვი.
როგორც აჭარის მთავრობაში განაცხადეს, რეგიონის ყველაზე მასშტაბური ნაგავსაყრელის კონსერვაცია და იქ რეკრეაციული ზონის მოწყობა მაშინ მოხდება, როდესაც ცეცხლაურის ნაგავსაყრელი ამოქმედდება. მათივე ინფორმაციით, ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშნებელობა დაწყებულია, პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება კი 7 მილიონ ევროს შეადგენს.
„ნაგავსაყრელი იქნება დახურული, თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი“, - აცხადებენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში.




